
ლოგიკცენტრი
მიმოსის საშაბათო და საკვირაო სკოლის სწავლების სპეციფიკა

"მიმოსის" შაბათ-კვირის სკოლა, რომელიც სამ საგანს მოიცავს (წიგნიერება, მათემატიკური ლოგიკა და გამოყენებითი ხელოვნება) ბავშვების ზოგადი განათლების ასამაღლებლად შეიქმნა. უნარ-ჩვევების, შემოქმედებითობის, დროის მართვის, კონცენტრაციისა და მოსმენის კულტურის, წვრილი მოტორიკის განვითარებასთან ერთად, პატარები წიგნის სიყვარულსაც სწავლობენ. თითოეული საგნის ხანგრძლივობა ერთი საათია და ბავშვებზეა დამოკიდებული ამ დროის გადანაწილება დასახული მიზნის მისაღწევად - იქნება ეს ხელოვნების გაკვეთილზე ნახატის დახატვა, ფიგურის გამოძერწვა, მოზაიკის შექმნა თუ აპლიკაციის გაკეთება. ასევე, ლიტერატურის გაკვეთილზე, წაკითხულის გააზრება, დისკუსია სიუჟეტისა და პერსონაჟების შესახებ და ლოგიკის გაკვეთილზე, მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანების ამოხსნა.
1. რატომ გადავწყვიტეთ “მათემატიკური ლოგიკის” დამატება და რა უნარ-ჩვევებს შეიძენს ბავშვი ამ წრეზე?
"მიმოსის" დაარსების დღიდან გამუდმებით ვზრუნავთ მისი პროგრამების განვითარებაზე. ვითვალისწინებთ, როგორც ჩვენი გუნდის წევრების აზრს და რჩევებს, ასევე ბავშვების და მათი მშობლების. ლოგიკური აზროვნება იმაზე მეტია, ვიდრე ფორმულების ცოდნა და მათი გამოყენება. ჩვენი პროგრამა მომავლის ყველაზე საჭირო უნარების განსავითარებლად შეიქმნა. სახალისო ამოცანების ამოხსნა, მოზარდებს სასკოლო საგნების მალე ათვისებაშიც დაეხმარება და სწავლის პროცესსაც მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. ბავშვები სწრაფად იზრდებიან და შესაბამისად, მალე უწევთ რეალურ, ცხოვრებისეულ, მარტივ თუ რთულ წინააღმდეგობებთან შეჯახება. ისინი გაცილებით სწრაფად და უმტკივნეულოდ შეძლებენ მათ დაძლევას, თუ კრიტიკული, ლოგიკური და კრეატიული აზროვნების უნარი ექნებათ განვითარებული. ჩვენს ახალ საგანს მათემატიკოსი ნატალია ჭყონია გაუძღვება. მისი 21 წლიანი პედაგოგობის გამოცდილება, სხვადასხვა საჯარო სკოლებში მუშაობის პრაქტიკა და მრავალ პროექტში ჩართულობა „ლოგიკცენტრის“ პროგრამას საინტერესო მიმართულებებს აძლევს და ბავშვებში მრავალ უნარს განავითარებს.
2. გამოყენებითი ხელოვნება
პროგრამა ბავშვების ინტერესებზეა მორგებული. მასწავლებელი აწვდის მათ მრავალფეროვან მასალას და თავად ირჩევენ, რას შექმნიან და რა ფერებს თუ მასალას გამოიყენებენ საკუთარი ნამუშევრების გასაფორმებლად. ხატავენ ხის ფიცრებზე, ბევრს ძერწვა ანიჭებს დიდ სიამოვნებას, ზოგი ნაჭრებსაც ხელმარჯვედ იყენებს, ბევრს საქსოვი ძაფებით მუშაობა უადვილდება, ფერადი ქაღალდები უპირობო კონკურენტია… აღსანიშნავია, რომ ამ დროს ლიდერის თვისებების მქონე ბავშვების ხასიათი ვლინდება, რადგან მათ არჩევანს ბევრი იწონებს და შემდეგ ბევრი ცდილობს მის გამეორებას. ხელოვნების გაკვეთილზე მიღებული თითოეული შედეგით ბავშვების ხასიათის და მათი შინაგანი სამყაროს წაკითხვა საკმაოდ მარტივია, შესაბამისად მათი განვითარება ჩვენი მოვალეობაა.
3. წიგნიერება
წიგნიერების მიმართულება ბავშვის მიერ სხვადასხვა კატეგორიის ტექსტების გლობალური თუ დეტალური აღქმის და სხვა სახის უნარების გაუმჯობესებას ემსახურება. ჩვენი რესურსის სპეციფიკა ეხება ცვალებად კონტექსტში ენის გამოყენების, ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების, გამოთქმული იდეების ამოცნობისა და საკუთარის ფორმირების, მიღებული ცოდნის გამოყენებისა და ტრანსფერის ხელოვნებას. წიგნიერების დონე კავშირშია მათემატიკის და ლოგიკური აზროვნების შედეგებთან. თუ ბავშვს სწორად არ ესმის პირობა, ვერ ამოხსნის მათემატიკურ ამოცანას და პირიქით, ტექსტში ლოგიკური კავშირების დადგენა მათემატიკურ უნარებს მოითხოვს.
მოზარდებს გავუადვილებთ შინაარსის გააზრებას, ინფორმაციის დამუშავებას, დასკვნების გაკეთებას, ენობრივი და ტექსტური ელემენტების გაანალიზებას, ქცევის მოტივების განსაზღვრას. მათ აქ დახვდებათ მარტივი, სახალისო, ილუსტრირებული და შემეცნებითი რესურსები.